მთავრობა მართვის მოწმობისა და იარაღის ლიცენზიის გაცემისთვის ნარკომანიის, ფსიქ. აშლილობის და ალკოჰოლიზმის ბაზას ქმნის

მთავრობა მართვის მოწმობისა და იარაღის ლიცენზიის გაცემისთვის ნარკომანიის, ფსიქ. აშლილობის და ალკოჰოლიზმის ბაზას ქმნის

საქართველოს მთავრობა ქვეყანაში მართვის მოწმობებისა და იარაღის ლიცენზიის გაცემისთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის, ალკოჰოლიზმის, ნარკომანიის და ტოქსიკომანიის მქონე პირების ერთიანი ბაზის შექმნას გეგმავს. ამას ითვალისწინებს საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა.

კანონპროექტი ჯანდაცვისა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტებმა უკვე განიხილეს და მხარი დაუჭირეს. ცვლილებების პროექტი შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა.

მომხსენებელმა კანონპროექტის წარდგენისას აღნიშნა, რომ ლიცენზიის, ნებართვის გაცემისას პირი წარადგენს შესაბამის მოწმობას ჯანმრთელობის შესახებ, მაგრამ შესაძლოა შემდგომში პირს შეეცვალოს ჯანმრთელობის მდგომარეობა. სწორედ ამიტომ საჭირო გახდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბაზაზე შესაბამისი სამსახურის შექმნა.

აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები მოიცავს იარაღის ტარების უფლების შეჩერების მექანიზმსაც, თუკი პირი მოხვდება შესაბამის ბაზაში, მას წარსულში გაცემული ნებართვა შეუჩერდება. სიის შედგენა ჯანდაცვის სამინისტროს დაევალება, ხოლო მასზე წვდომა შსს-ს ექნება.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია:

“არსებული გამოწვევებზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით იქმნება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიანი საინფორმაციო ბაზა (შემდგომ − ერთიანი საინფორმაციო ბაზა). წინამდებარე კანონპროექტით კი განისაზღვრება დასახელებულ ბაზაზე წვდომის საფუძვლები და შესაბამის ორგანოთა მიერ განსახორციელებელი შემდგომი რეაგირების მექანიზმები. წარმოდგენილი ცვლილებები უზრუნველყოფს, რომ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამო ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე პირს ხელი არ მიუწვდებოდეს იარაღზე.

კანონპროექტით „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ინერგება ახალი ინსტიტუტი ლიცენზიის (ნებართვის) შეჩერების თაობაზე. აღნიშნული ინსტიტუტი დაკავშირებული იქნება ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელის ფსიქიკურად, ასევე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან ტოქსიკომანიით დაავადებასთან. კერძოდ, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ1“ და „დ4“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე გარემოების წარმოშობის შესახებ მონაცემების ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით მიღების შემთხვევაში ლიცენზიას ან/და იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვას ავტომატურად შეუჩერდება იურიდიული ძალა. ნებართვის მფლობელს 30 დღის ვადით შეუნარჩუნდება იარაღის კანონმდებლობით განსაზღვრული წესით განკარგვის უფლება. აღსანიშნავია, რომ ერთიან საინფორმაციო ბაზაში არსებული მონაცემების მიმართ იმოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია.

საყურადღებოა, რომ 2025 წლის 1 აგვისტომდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელ იმ პირთა ერთიან საინფორმაციო ბაზაში გადამოწმებასა და სათანადო საფუძვლის არსებობისას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მათთვის შესაბამისი ლიცენზიის (ნებართვის) გაუქმებას, რომლებმაც აღნიშნული ლიცენზია (ნებართვა) 2025 წლის 1 იანვრამდე მოიპოვეს.

კანონპროექტით გათვალისწინებული ერთიანი საინფორმაციო ბაზა შეიქმნება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში. ამასთან, ბაზის შექმნის პროცესში აქტიურად იქნება ჩართული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა არ იქნება დაკავშირებული დამატებით ხარჯებთან, რადგან აღნიშნული განხორციელდება დასახელებულ უწყებებში დასაქმებული შესაბამისი IT სპეციალისტებისა და ანალიტიკოსების დახმარებით”, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

მსგავსი სიახლეები

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700-ე წლისთავის აღსანიშნავად ეროვნული ბანკი საკოლექციო მონეტებს გამოუშვებს

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700-ე წლისთავის აღსანიშნავად ეროვნული ბანკი…

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი საკოლექციო დანიშნულების ვერცხლისა და ოქროს მონეტებს გამოუშვებს. სებ-ის მიერ…
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი ბიზნეს ლაუნჯი გაიხსნა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი ბიზნეს ლაუნჯი გაიხსნა

დღეიდან ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში პირველი ბიზნეს ლაუნჯი ამოქმედდა. პროექტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“…
ეროვნული არქივის კინოთეატრში გელა კანდელაკის ფილმების რეტროსპექტივა მიმდინარეობს

ეროვნული არქივის კინოთეატრში გელა კანდელაკის ფილმების რეტროსპექტივა მიმდინარეობს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოთეატრი გელა კანდელაკის იუბილესთან დაკავშირებით ფილმების რეტროსპექტივას მასპინძლობს. 4-დღიანი პროგრამა მაყურებელს რეჟისორის, პროდუსერისა და მსახიობის შემოქმედებას…